ლევან ნიკოლეიშვილი: გიგი უგულავა ჩვეულებრივი კრიმინალია და მისი ყველა თანაპარტიელი მატყუარაა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა თუ რა სისხლის სამართლის საქმეები არსებობს უგულავასთან დაკავშირებით.

​მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია.

“რა ხდება სინამდვილეში უგულავას საქმეზე:
უგულავას მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმეები სამი სხვადასხვა მიმართულებით.
1. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – შეეხება თბილსერვისის ეპიზოდს და 5 მილიონ ლარს, რაზეც უგულავამ მოიხადა სასჯელი.
2. საქმე, რომელზეც დღეს დადგა საბოლოო განაჩენი – ეხება 48 მილიონ ლარს, საიდანაც 14 მილიონი ბიუჯეტიდან ხელფასების სახით ჩაურიცხა პარტიულ აქტივს. დანარჩენიც გაფლანგულია, – გამოიტანეს ქეშად და დახარჯეს პარტიულ ღონისძიებებში.
პროკურატურა ამ თემაზე თავიდანვე გაფლანგვას ედავებოდა უგულავას. პირველი ინსტანციის სასამართლო პროკურატურას გაფლანგვის კვალიფიკაციაზე არ დაეთანხმა. თქვა, რომ ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და მიუსაჯა 1 წ. და 3 თვე პატიმრობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ უგულავა ციხიდან გამოვიდა.
პროკურატურამ გაასაჩივრა განაჩენი, მაგრამ სააპელაციო სასამართლო პირველ ინსტანციას დაეთანხმა და განაჩენი არ შეცვალა.

პროკურატურამ ეს (სააპელაციო სასამართლოს) განაჩენიც გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. მას მიაჩნდა, რომ რეალურად სასჯელი იყო ძალიან მსუბუქი, რადგან უგულავას ქმედება იყო გაფლანგვა და არა უფლებამოსილების გადამეტება.

უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციებისგან განსხვავებით დაეთანხმა პროკურატურას. მან თქვა, რომ უგულავას ქმედება ნამდვილად არის გაფლანგვა და მიუსაჯა შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – 4 წ. და 5 თვით პატიმრობა. ამას აკლდება მოხდილი სასჯელი – 1 წ. და 3 თვე და მას მოუწევს დამატებით 3 წ. და 2 თვე ციხეში ჯდომა.

თვითონ გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია!
3. მესამე საქმე ახლაც საქალაქო სასამართლოშია. ის შეეხება არაერთ ეპიზოდს – ფულის გათეთრება, საარჩევნო დოკუმენტების განადგურება და ა. შ.
ახლა მითხარით, რა შუაშია პოლიტიკური დევნა ან ერთ საქმეზე ორჯერ დაჭერა.
ეს კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი და მისი ყველა თანაპარტიელი მატყუარაა!”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
ცნობისათვის, 2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო.
​ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, თბილისის მერიამ დააფუძნა ააიპ თბილისის განვითარების ფონდი. თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები