ჩინეთის ელჩი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან და დახმარებას გავუწევთ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს
2 თებერვლიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ლი იანმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
ჩინეთის ელჩი იმედოვნებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.
„უკვე მეოთხე დღეა, რაც არცერთ ახალ ქვეყანასა თუ რეგიონში არ დადასტურებულა ვირუსის შემთხვევები. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 9 თებერვლის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 982 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 3 281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი შეადგენს 23 589-ს.სულ დაფიქსირებულია 399 487 ახლო კონტაქტის შემთხვევა, იმ ახლო კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა, როცა ჯერ კიდევ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება პირი, შეადგენს 187 518-ს. კარგი ამბავი არის ის, რომ 2 თებერვლიდან დაწყებული გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ელჩის, ლი იანის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია.
ეპიდემიის განვითარების ფონზე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები, როგორიცაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ა.შ. გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს. ქართველ ხალხს რაციონალური დამოკიდებულება აქვს ეპიდემიის მიმართ და თანაგრძნობას გამოხატავს ჩინეთისადმი. ზოგიერთმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ დახმარების ხელიც გაუწოდა ჩინეთს. თუმცა ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მცდარი და არამეგობრული განცხადებები ეპიდემიისა და ჩინეთის წინააღმდეგ. ჭორები და მცდარი ინფორმაცია უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი. ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსოფლიოს ხალხი ლხინსა და ჭირში ერთად მდგომი საერთო ბედის საზოგადოებაა. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააუქმებს ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლის და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.