ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების განცხადებები გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის
კონგრესმენების განცხადებები გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, – ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტი და მას ძალიან წარმატებული უწოდა.
“პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-ში. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების კონგრესმენების განცხადებები , რომელიც მოჰყვა ამ ვიზიტს და ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ შედგა ძალიან კარგი დისკუსია – დიალოგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან პოზიტიური და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.