გიორგი გაჩეჩილაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ
„მე მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
გაჩეჩილაძის განმარტებით, ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი როგორც იურისტი და პროკურორი.
„ეს არის კაცი, რომელიც, პირველ რიგში, პროფესიონალია როგორც იურისტი და პროკურორი. ასევე, აქვს დიდი გამოცდილება. ამავე დროს, ეს არის პიროვნება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამართლიანობის აღდგენას საქართველოში”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი შოთაძის დამსახურებაა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა.
„ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მარტო იმიტომ დავუჭერ მხარს, რომ ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნა, რომელიც თავის შვილის საფლავზე ააფეთქეს. ვინ ააფეთქა და ვინც ზის ამის გამო ციხეში, ყველამ კარგად იცის”, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.