დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი ჩაიკეტა

ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეს, დილიდან ჩაიკეტა.

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარა მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში მოსახლეობისგან დაცლილი ახალგორის ფოტოებს ავრცელებს.

“ეს არაა ქალაქი ვუჰანი. ორი საათი ვიარე, ყველა ქუჩა და უბანი შემოვიარე. აი, აქ ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლე სამსახურების დასრულებისთანავე სრულდება. ჩაბნელებული ქუჩებიდან ჩანს მიტოვებული სახლები. დავდივარ ქუჩებში, როგორც სასაფლაოზე და ვფიქრობ სად დავკარგე შიში მარტოობის და მარტო ყოფნის . ყველაფერს ეგუება ადამიანი. მეც ადამიანი ვარ”,- წერს  თამარა მეარაყიშვილი.

როგორც “რეგიონულ კვირას” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ძალების მიერ, ოძისი-მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით, კვლავ დაწესდა დამატებითი უკანონო შეზღუდვები. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილებით ირღვევა თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება, რაც კიდევ უფრო ართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

ცნობისთვის, 30 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყებოდა, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, “საზღვარზე“ ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“ არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება.

“აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე. პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00-დან 11:00-მდე საქართველოს მიმართულებით და 17:00-დან 20:00 საათამდე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად“ ,- აღნიშნული იყო ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პუნქტ „რაზდახანის“ მორიგი გახსნის თარიღს, სამომავლოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით აცნობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები