სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის ადმინისტრაციული გადაცდომა იკვეთება”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, სამსახურმა აღნიშნული საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნითაც მიმართა.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.
მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს “თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.
​მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

​ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები