ჩაშლილი ვარჯიში – ქართველმა ფეხბურთელებმა თურქეთში ბარგი დაკარგეს

თურქეთში მყოფ საქართველოს ფეხბურთელთა გუნდებს ვარჯიში ჩაეშალათ. პორტალ „კვირას“ ინფორმაციით, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბისა და ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელებმა ანტალიის აეროპორტში ბარგი ვერ მიიღეს. ფეხბურთელები თბილისი-სტამბოლი-ანტალიის მიმართულებით დღეს ავიაკომპანია „ატლასჯეტის“ თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მათ საქართველოს ჩემპიონატისთვის წინა საწვრთნელი-მოსამზადებელი შეკრება ჰქონდათ დაგეგმილი. ანტალიის აეროპორტში სპორტსმენების პირადი ნივთები არ აღმოჩნდა. ფეხბურთელები სასტუმროში ბარგის გარეშე გაემგზავრნენ.
„კვირა“ თურქული ავიაკომპანია „ატლასჯეტის“ საქართველოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა.  კომპანიის წარმომადგენელმა ანი გოგელიამ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელები თურქეთში მათი კუთვნილი თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მისი თქმით, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპოერტში ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, სხვადასხვა ავიახაზის თვითმფრინავებმა დანიშნულ დროზე რეისები ვერ განახორციელეს.
„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავის გამო რეისები შეფერხდა. დღის 1 საათამდე  ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ გაფრინდა, რის გამოც რეისები გადაადგილდა. ამან დაგვიანება გამოიწვია. მოხდა ისე, რომ ანტალიის მიმართულებით მგზავრები სტამბოლში გადასხდნენ არა იმ თვითმფრინავზე, რომელზეც ბილეთები ჰქონდათ აღებული.  ამის გამო, ფეხბურთელების ბარგი სტამბოლში დარჩა, თავად კი ანტალიაში გაემგზავრნენ“, – აღნიშნა ანი გოგელიამ.  მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელები პირად ნივთებს და ბარგს დღესვე მიიღებენ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები