თეა წულუკიანი: შოთაძის წასვლა იყო შეცდომა, მის დაბრუნებას მივესალმები

“ირაკლი შოთაძის წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა თუკი მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მე ამას მხოლოდ მივესალმები”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.

“მე წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო იმიტომ, რომ როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებაზე, კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ანდა საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში ან რომელიმე ბავშვისთვის, ხაზს ვუსვამ ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. ეს იყო შეცდომა, მისი გადადგომა, ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. იყო რა თქმა უნდა რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა მე ამას დღეს უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა, შესაბამისად ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა და ახლა მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მხოლოდ მივესალმები”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

​იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს, თანმიმდევრული რეფორმების წყალობით დამოუკიდებელი პროკურატურა გვაქვს, რომელიც დღეს ოპოზიციას არ მოსწონს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება.

“პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი იყო სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო გენერალური პროკურორი. იმავდროულად, შემდეგ ქუდს შემოიტრიალებდა და იყო მოსამართლეების უფროსიც და ა.შ. ეს იყო მთელი ფარსი მართლაც, როდესაც სისხლის მართლმსაჯულება არ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში. დღეს თანმიმდევრული რეფორმების წყალობით ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც თურმე დღეს ოპოზიციას არ მოსწონს და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ უბრალოდ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი აცხადებ, რომ არ მოგწონს დამოუკიდებელი პროკურატურა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ხელისუფლებაში აღმოჩნდები ისევ დაბრუნდები უკან, რომელი წარსულიდანაც ძლივს ნელ-ნელა გამოვდივართ. შესაბამისად, არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოსთვის, რასაც მე საჯარო ინტერვიუებით თვალყურს ვადევნებ დამღლელი და კომპლექსური პროცესი ინტერვიუებისა, რის შემდეგაც კენჭი ეყრება თითოეულ კანდიდატს და ვნახოთ რა შემადგენლობა წარედგინება პარლამენტს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები