რატი იონათამიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს სახელით უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული პოზიციები, ინფორმაცია კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ აქტივობებზე და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ჯანდაცვის მინისტრი უმოკლეს ვადაში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და უკეთეს ხვალინდელ დღეზე აისახოს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლის შეფასებისას.
როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დღეს მინისტრმა თავის გამოსვლაში არაერთი სტრატეგიული საკითხი და სიახლე დააანონსა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც რეაქცია გვქონდა არა მარტო ჩვენ, რეაქცია ჰქონდა არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, კონკრეტულად ამ პროგრამების და კვლევების ავტორებს. საინტერესოა, როდესაც ც ჰეპატიტის პროგრამაზე იყო კრიტიკა, ამ კრიტიკის ერთად ერთი ნაწილი იყო ის, რომ მედიკამენტებს ვადა გაუვიდაო, საუბარი იყო მედიკამენტების მხოლოდ 5%-ზე და ჩვენ ვნახეთ ზუსტად იმ ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის განცხადება, რომ ეს ამ პროგრამის განხორციელებაზე რაიმე ზეგავლენას ვერ იქონიებს. ასევე, სანამ ერთი ბავშვი მაინც არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ზღვართან თუნდაც ახლოს, თითოეული ჩვენგანი ვერ მოვისვენებთ ვერასდროს. თითოეულ ჩვენგანს გვექნება ყოველდღიური მცდელობა, რომ ეს საკითხი რამენაირად დავძრათ წინ და გარანტიები შევქმნათ, რომ მომავალში არცერთი ბავშვი სიღარიბის ზღვარზე არ იყოს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღვიქვათ რეალობა ისეთად, როგორიც არის, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და ამითი განვსხვავდებით ჩვენი ოპონენტებისგან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.