პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადაეცა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ პროექტ „წიგნების თაროს” გუნდს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ტრადიციულად გაიცა „წლის წიგნის ქომაგის“ ჯილდო.
პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ
ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის
განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. „წიგნების თაროს“ გუნდს ჯილდო გადაეცა: ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის – “წიგნების თაროს” 23 გამარჯვებული ახალგაზრდა გაემგზავრა კემბრიჯში, საზაფხულო სკოლაში. 2016 წელს “წიგნების თარომ” 3 გამარჯვებული სტუდენტი სტამბოლის წიგნის ფესტივალზე გაუშვა.
დღეს “წიგნების თაროს” გუნდში 15 სტუდენტია, თხუთმეტივე ყოფილი თაროელი.
ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის – სხვადასხვა
დროს “წიგნების თაროს” გუნდმა 20-ზე მეტი საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისსა და
რეგიონებში. გარდა ამისა მოაწყო არაერთი საჯარო თამაში და სხვა ტიპის ინტელექტუალური აქტივობა.
“წიგნების თარო” ეწვია მე-11 პენიტენციურ დაწესებულებას, შეხვდა არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს, აჩუქა მათ სპეციალურად შეგოვრებული წიგნები და მათთვის ჩაატარა
თამაში. წლების განმავლობაში ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გასცა 3000-ზე
მეტი წიგნი, 20-ზე მეტი პლანშეტი, 30-ზე მეტი ლეპტოპი, 50-ზე მეტი სასაჩუქრე ვაუჩერი და
უამრავი სხვა პრიზი.