2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა ძალაში დარჩა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

2019 წელს სემეკმა 2013 გადაწყვეტილება და 53 დადგენილება მიიღო. აქედან სხვადასხვა პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის 95 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ჯამში, 2019 წელს საერთო სასამართლოებმა კომისიის სასარგებლოდ 81 გადაწყვეტილება მიიღეს.

2019 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, რომლებითაც გაიზიარა სემეკის სამართლებრივი მიდგომა. მათ შორის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის Nბს-1534(კ-18) განჩინება ეხება სადავოდ ქცეული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლიანი ინტერესის შემთხვევაში სადავო ფართში მცხოვრები პირების გამოსახლების დასრულებამდე კომუნალური მომსახურების შეწყვეტისა და იძულების სამართლებრივ ბერკეტად ლიცენზიატის გამოყენების დაუშვებლობას, 2019 წლის 28 მარტის Nბს-888 (კ-18) განჩინება – ე.წ. წითელ ხაზებში წყალარინების ქსელის – საკანალიზაციო ჭის მოვლა-პატრონობის მიზნით ლიცენზიატის დავალდებულებას, ხოლო 2019 წლის 20 ივნისის Nბს-1197(კ-17) განჩინება – 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფით აღრიცხვისა და საფასურის ყოველთვიურად გადახდის მართებულობას.

სემეკში 2019 წელს, სულ, 114 საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც განხილული საკითხების უმეტესობა ეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საჯარო სხდომებზე განხილული საკითხებიდან 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ერთი წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, 2019 წელს მომსახურების სხვადასხვა სტანდარტის დარღვევის გამო სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიების მიერ მომხმარებლებზე, სულ, 841 595 ლარის კომპენსაცია გაიცა. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში – 111 825 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში – 436 795 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – 292 975 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები