მამუკა ხაზარაძე: მისასალმებელია, რომ შოთაძემ ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დასწრების ფაქტი დაადასტურა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დასწრების ფაქტი დაადასტურა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სხვა მათ მიერ გამოაშკარავებულ საქმეებსაც მოეფინება ნათელი.

„მივესალმებით, რომ ირაკლი შოთაძემ დასწრების ფაქტი აღიარა. მეორე მხრივ, ეს იმასაც ადასტურებს, რომ განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არამარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ გახარიას წერილთან დაკავშირებით, ანაკლიასთან დაკავშირებით, ამას ყველაფერს მოეფინება ნათელი, ეს ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც დადასტურდა ეს შეხვედრა, რომელიც დაადასტურა შოთაძემ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ეს სიმართლე იქნება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთპიროვნული მმართველობა და საქართველომ უნდა გაარღვიოს ის ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ტყუილში ცხოვრება. შესაბამისად, პარტია “ლელო” იქნება ამის ავანგარდში, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დამარცხდეს ტყუილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

​შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები