ბოლნისში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო – პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 1 428 000 ლარი დაიხარჯება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების: სენები, ბერთაკარი, ძეძვნარიანი და იწრია მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, იწრიაში მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, გარე განათებისა და ერთ უბანზე შიდა გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობა ისურვა. სენებში, კრების გადაწყვეტილებით, შიდა გზები მოიხრეშება, ბერთაკარში არსებული სასაფლაო შემოიღობება, ძეძვნარიანში კი გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.
“მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად აარჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.