ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს, თუმცა მათ ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ტიკარაძის განმარტებით, სინჯები გერმანიის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

“უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც პოტენციურ კორონავირუსის მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები