პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” გრძელდება
თბილისის საკრებულოში პროექტის “თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ავტორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა, რომლის ინიციატივითაც უკვე მესამე წელია, ყოველი თვის პირველ შაბათს, თბილისის საკრებულო სხვადასხვა თემით ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დღევანდელი ღონისძიების თემა იყო – გერმანელების კულტურული კვალი თბილისსა და საქართველოში.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ისტორიის შენარჩუნება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელიც გერმანელების მიერ აშენებულ ძეგლებს ეხება.
“პროექტის “თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მე-19 – მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორიას ეხება. საზოგადოების ნაწილისთვის აქამდე უცნობი, ძალიან საინტერესო ამბები შევიტყვეთ, რომლებიც თბილისში და საქართველოში გერმანულ დასახლებებს და უბნებს ეხება”,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი თემატიკა განსაკუთრებულია, რადგან თბილისში გერმანული არქიტექტურის ნიმუშებს ეხება.
„ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ გერმანული არქიტექტურის ძეგლებს მოფრთხილება სჭირდება. ეს არის ჩვენი ისტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დიდუბის რაიონში მდებარე გერმანული სოფელი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ აღდგეს და გვქონდეს ის ტურისტული და ისტორიული ადგილი, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თემის წარმდგენი არქიტექტორ-რესტავრატორი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ნესტან თათარაშვილი გახლდათ, რომელმაც 1817 წლიდან ჩამოსახლებული გერმანელების დასახლებებსა და არქიტექტურული მემკვიდრეობის, ასევე, თბილისში მდებარე ორი გერმანული სოფლის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გამოფენაც მოეწყო, რომლის სახელწოდებაც -“გერმანელების დანატოვარი თბილისში” გახლდათ.