“საერთაშორისო თანამეგობრობას სწორ გზავნილებს ვაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი”

„ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც უკვე ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და მთავრობის გეგმაშიც, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.  ჩვენ კი, როგორც მთავრობა, რომელიც პატივს სცემს კონსტიტუციას და თავისი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, თანმიმდევრულად მივყვებით ინტეგრაციის გზას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ნატოში” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის ყველა წევრი ერთხმად აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და სრულად ახორციელებს გაწევრიანების გზაზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის – წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი; ამასთან ნატოელი პარტნიორები მნიშვნელოვნად აფასებენ საქართველოს წვლილს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” – საქართველო არის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში. „საქართველომ 32 ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთში, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის დიდი მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ტერორიზმთან გლობალურ ბრძოლაში”, – აღნიშნა მინისტრმა.
ზალკალიანმა ინტერვიუში საქართველოს წინაშე არსებული იმ სერიოზული გამოწვევების შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს. მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, უკანონო ბორდერიზაციასა  და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკით პასუხობს.
„ჩვენი ავიღეთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების შესახებ და იგივეს მოვითხოვთ რუსეთისგან. ჩვენ კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, დამატებით, ჩვენ წარმოვადგენთ პოზიტიურ სამშვიდობო ინიციატივებს, თუ როგორ უნდა ვაშენოთ ხიდები ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის”, – განაცხადა ზალკალიანმა.
​მისი თქმით, საქართველო ცდილობს ევროინტერგაციის პროცესიდან მიღებული სარგებელი – კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღების, გადაადგილების თავისუფლებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობები – საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრებ მოსახლეობასაც გაუზიაროს.
„ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას სწორ გზავნილებს ვაწვდით, რომ საქართველო მოწოდებულია დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები. ჩვენი ხედვით, სწორედ ასე უნდა წარიმართოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად”,-აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ნატო-ს შიგნით კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, საჭიროა მოთმინება და მეგობრების მხარდაჭერა. ამ კუთხით, მან  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის მხარდაჭერაზე და თავის კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს დავოსში გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები