გიორგი ჩოგოვაძემ “აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დაადასტურა.

მისი თქმით, ის ახალ ხელმძღვანელს დღეს დღის მეორე ნახევარში წარადგენს.

„საქართველოს აეროპორტების“ გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გასწია. დიდ მადლობას მოვახსენებთ ამისთვის, მაგრამ მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ჩვენ დღეს ახალ ხელმძღვანელს წარვადგენთ დღის მეორე ნახევარში, ასევე ძლიერს, პროფესიონალს. გპირდებით წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის იქნება ახალი პროექტების წელი.
ფართოვდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა. გასულ წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი ტურისტების 9,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. მათი დიდი ნაწილი შემოდის საჰაერო გზებით, „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი“ არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი. წელს უნდა დასრულდეს ახალი ტერმინალის მშენებლობა და გაფართოება. გვაქვს ახალი გამოწვევები თბილისის აეროპორტთან, ასევე ბათუმის აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, გიორგი ჩოგოვაძე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორად 2018 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე კი მას 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები