ნათია თურნავა: პროგრამას “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ვაფართოებთ და წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს ვამატებთ

როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა მთავრობის სხდომის დაწყების წინ, გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა და სიახლე – ეს არის პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” შემდგომი ეტაპი და მისი გაფართოება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის შემოდგომით დააანონსებული პროგრამის, “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და მუდმივად, სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონებას სხვადასხვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით სთავაზობს.

“პირველმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით ამ პროგრამიდან უკვე 50 მლნ ლარამდე შემოსავალია მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ – რაც გვქონდა შემოსავლები ჩადებული ბიუჯეტში პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, წლის ბოლო თვეებში აქტიურობის შედეგად, მაჩვენებელი ორჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოვოთ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პროგრამის არეალი და სამომავლოდ მოვიცვათ არა მარტო სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს აუქციონები დღემდე ტრანსპარენტულად იმართება, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბურად მომზადდება 100 ახალი აუქციონი, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„წიაღისეულის 100 აუქციონი მუდმივად გაიმართება და ჩატარდება გამჭვირვალედ, როგორც ეს აქამდე იყო. ასე გვინდა, რომ წიაღისეულის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება ხდებოდეს და ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში. ეს იქნება აუცილებელი მოთხოვნა და გადამუშავების მოთხოვნის გამო სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება დარგში განხორციელებული, მათ შორის გადამამუშავებ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, წიაღთან დაკავშირებით მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ პროგრამის ფარგლებში გამოტანილ ობიექტებზე ეკოლოგიის, გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის უფრო მაღალი სტანდარტი იქნება მოთხოვნილი.

„ეს იქნება ისევ და ისევ გამჭვირვალე პროცესი, მათ შორის მედიისთვის და ჩვენ ველოდებით, რომ ისევე წარმატებით განხორციელდება, როგორც „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ქონების პრივატიზების ნაწილი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები