რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ
ოკუპირებული აფხაზეთის პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ ე.წ. თანათავმჯდომარე, საქველმოქმედო ფონდის „აფხაზეთის“ პრეზიდენტი, მანანა კვიწინია, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ამის შესახებ მან აფხაზეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“მას სასამართლოში ვუჩივლებ იმის გამო, თუ როგორ მოექცა საქველმოქმედო ფონდს. მინდა, რომ ერთხელ მაინც რომელიმე ჩინოვნიკმა საკუთარი ქმედების გამო პასუხი აგოს. იმის გამო, როგორ მოექცა მან ფონდს, მისი ბრძანებით სხვა ჩინოვნიკებმა, და მთელმა მისმა გარემოცვამ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება წავიდა“, – აღნიშნა კვიწინიამ.
მისი თქმით, საქმიანობიდან გამომდინარე „ქვეყანაში ბევრს ვმოგზაურობ, ადამიანებს ვხვდები, ველაპარაკები. ხალხი საშინელი ცხოვრებისგან დაიღალა“.