ნათია თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადებები, ჩვენ ყურადღებით ვეცნობით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სენატორების წერილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს განცხადებები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობა, მთავრობა ყურადღებით ეცნობა.

“ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ესა თუ ის განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, ჩვენ ყურადღებით ვეცნობით,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა “ფრონტერასთან” დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

“რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას”, 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები, უახლოეს პერიოდში ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ ყველას, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადებული, ნუ გავაკეთებთ მკვეთრ, ხშირად არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს. ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი-,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს კიდევ ორმა სენატორმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს.

წერილში სენატორები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები