ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება – საწყისი ფასი 95 მილიონი ლარია
მთავრობას ე.წ რიყის დოქები საპრივატიზაციოდ გამოაქვს. ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციო ნუსხაში ე.წ. რიყის დოქები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით ობიექტი 95 მლნ ლარად არის შეფასებული და გამჭვირვალე აუქციონის პირობებში მოხდება გატესტვა რამდენად რელევანტურია ეს ფასი.
„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე, საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა.
სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, შევეცადოთ გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.
ე.წ. რიყის დოქები 15 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული.„რიყის დოქების“ მშენებლობაზე, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.