კახეთი წლის “სუფთა რეგიონად“ დასახელდა (ფოტო, ვიდეო)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის “სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულად კახეთი დასახელდა.

კონკურსში “სუფთა რეგიონი“ კახეთმა 3 ნომინაცია მოიპოვა – “სუფთა რეგიონი“ , “საწარმოს ლამაზი ეზო“ და “ლამაზი ეზო”.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, 8 ნომინაციიდან 3-ში გამარჯვება რეგიონის მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისათვის და რეგიონის მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობის და პირობების გაუმჯობესებისათვის. აგრეთვე, კახეთისთვის, როგორც ერთ-ერთი ტურისტული მიმართულების ქალაქისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი გარემოს დახვედრება ტურისტებისთვის. ჩვენი გამარჯვება ძალიან კარგი მაგალითია სხვა ადამიანებისთვის, საწარმოებისთვის, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ასეთ კონკურსებში“,- განმარტა ქადაგიშვილმა.

“საწარმოს ლამაზი ეზოს” ნომინაციაში გამარჯვებული ღვინის კომპანია “შუმი” გახდა.

“დიდი მოტივაციაა კომპანიებისთვის,რომ მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში და გახდნენ უფრო მეტად ლამაზები ვიდრე არიან. ყველაზე ლამაზი ეზოს ტიტულის მოპოვებამ გაუსვა ხაზი იმას, ჩვენი კომპანია მოტივირებულია იყოს ყველაზე მოწესრიგებული და მიანიჭოს სტუმრებს მეტი სიამოვნება”,- განაცხადა ღვინის კომპანიის “შუმი“ წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ კახეთი “სუფთა რეგიონის“ ტიტულის მფლობელი მეორედ გახდა. კონკურსი 27 იანვარს, ქ. თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები