გიორგი გახარია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა კერძო ბიზნესი გახლავთ
“საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დამატებითი სამუშაო ადგილების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომელზეც საქართველოს მთავრობას შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს.
„ამ მიმართულებით, ჩვენი დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ღია და გამჭვირვალე პრინციპები, რომლის ძირითად არსი გახლავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი.
სახელმწიფო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებს, როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტიციებს. ასევე, სახელმწიფო უჭერს მხარს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას, იმ ბიზნესის, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და რაც მთავარია, უნდა გახდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ასეთი, უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი გახლავთ ის კომპონენტი, ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც შემდგომ სახელმწიფოს შეეძლება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად სოციალური პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომლისკენაც ჩვენ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მივდივართ. რა თქმა უნდა, აქ არის დამატებითი კომპონენტი და პირდაპირი სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა, რომელზეც კარგად არის ცნობილი და თითოეულ თქვენგანს მოეხსენება, რომ სახელმწიფო, ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ლარის ინვესტიციას საკმაოდ ეფექტურად ახდენს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს არის ის დისბალანსი, რომელიც დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რასაც დღეს სახელმწიფო განათლების სისტემაში რეფორმირებისთვის აკეთებს, ძირითადად მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრას.
„ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში, მიზნად ისახავს დისბალანსის აღმოფხვრას შრომის ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვაქვს, თუმცა ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომლის მოთხოვნაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – სისტემურ რეფორმაზე განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთი წლის წინ განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით დაიწყო.
„დღეს ეს რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო განათლების დონეზე და ასევე, პროფესიული განათლების თვალსაზრისით უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ჩვენს პარტნიორებსაც და ჩვენ მოქალაქეებსაც და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ის რეფორმაა, რომელიც ერთ, ორ, სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. ამას ჭირდება სისტემური მუშაობა, სტრუქტურირებული და ძალიან მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შეძლო და საქართველოს ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ კარგი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა და მსხვილ ეკონომიკებთან ურთიერთობის.
„აქ ვგულისხმობ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს, რომელიც დღეს ჩვენს პორტფელში არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შემდგომ ჩინეთთან, ყველა ჩვენს მეზობელთან. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან, ისრაელთან და ასე შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ამ კონკრეტული მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს ნათლად ჩანს, პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ აქ არ გვაქვს სერიოზული გარღვევები, განსაკუთრებით ბიზნესის, კერძო ინიციატივის, ეკონომიკისა და საშუალო ბიზნესის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ არის ისეთი პრობლემები, აბსოლუტურად ობიექტური, როგორიც არის სტანდარტიზაციის დონე, შესაბამისობა, კომპეტენციის დონე, ხარისხის კონტროლი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რაც დაკავშირებულია საგზაო კავშირგაბმულობასთან.
„ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები, როგორც ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ინსტიტუციური დაახლოების თვალსაზრისით ევროკავშირთან. ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით, ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ რთულია ოპერირება ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მთლიანი სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირთან ურთიერთობის, მაგრამ არ გააჩნია სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან. ეს არის დამატებითი გამოწვევა, რომლის გადალახვის ძირითადი ამოცანა და გზა დღეს გახლავთ ის რაშიც ჩვენ ალბათ, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დახმარება გვჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ეს გახლავთ საგზაო კავშირგაბმულობის გაძლიერება, თუნდაც შავი ზღვის საშუალებით ევროკავშირის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.