ლევან იზორია: პოლიციელის პროფესიას უდიდეს პატივს ვცემ და მეამაყება, ეს არის არა მხოლოდ ჩემი მადლიერება, არამედ ჩემი ოჯახის მადლიერებაც მათი პროფესიის მიმართ
მე და ჩემი ოჯახი დიდ პატივს ვცემთ თითოეული პოლიციელის საქმიანობას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ POSTV-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ინციდენტის შესახებ გაიგო, მას არ გასჩენია არანაირი უკმაყოფილების განცდა რომელიმე კონკრეტული პოლიციელის მიმართ.
როგორც იზორია აცხადებს, ყოველგვარი ზეწოლა, ჩარევა ყოვლად მიუღებელია.
“მქონდა პატივი წლების გამავლობაში პოლიციელებთან ერთად ყოფნის, მე და ჩემი ოჯახი დიდ პატივს ვცემთ თითოეული პოლიციელის საქმიანობას. ეს საქმიანობა უდიდეს სტრესთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებულ მოთმინებას, მობილიზებას, სიმშვიდეს საჭიროებს და მე ამ პროფესიას უდიდეს პატივს ვცემ და მეამაყება. ეს არის არამხოლოდ ჩემი მადლირების, არამედ მთელი ოჯახის მადლიერების და მათ შორის ჩემი ძმის მადლიერების გამოხატულება მათი პროფესიის მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ ამ ინციდენტს, არასდროს მე, ესეც მინდა ხაზგასმით ვთქვა, როდესაც გავიგე ამ ინციდენტის შესახებ და გავიგე მისი ამოწურვის შემდეგ, არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე კონკრეტული პოლიციელის მიმართ, არასდროს არ მქონია შემხებლობა და ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სისტემის ფარგლებში ეს ადამიანი დაწინაურდა. ამ ადამიანს ჰქონდა ყველანაირი პირობები თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელებისთვის. ასე რომ ზეწოლა, ჩარევა, დასჯა ან მუქარა, ან ფსიქოლოგიურად გარკვეული თუ გინდ უკმაყოფილების გამოხატულება არის გამორიცხული და ყოვლად მიუღებელი ამ პათოსიდან გამომდინარე. მეტიც, შეიძლება ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტული ინციდენტის ფარგლებში პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში, ანუ რამდენად სამართლებრივად მოხდა დაკავება, რა იყო დაკავების საფუძველი, თუმცა მე არ ვიქნები დღეს იმ როლში, რომ ერთი მხარე გავამართლო და მეორე მხარე დავადანაშაულო, მაგრამ მაინც მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომ როდესაც ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით მოგიწოდებს კორექტულობისკენ, მიმართვის უფრო თავაზიანო ფორმის შერჩევისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის, მას აძლევ ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო, ამის ანალიზის, სამართლებრივი შეფასების უფრო ფართო სივრცე არსებობს, თუმცა ამისგან თავს ვიკავებ, არ მინდა მიკერძოებული ვიყო. ყევლა იურისტი ანალოგიურად შეაფასებს. ის, რომ ადამიანი ემოციას, აგრესიას გამოხატავს, ეს არ არის ლამაზი, პირველ რიგში, ჩემთვის”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც იზორია აღნიშნავს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ გარკვეული ბრალეულობა გამოვლინდება, არავის აქვს იმუნიტეტი.
“მე ინციდენტის შესახებ გავიგე მაშინ, როცა უკვე იგი ამოიწურა. ბორკილების დადებას მოჰყვა ის ემოციური მუხტი, შემდეგ ადგილიდან განარიდეს, ბორკილდადებული მე ვერ დამიკავშირდებოდა და ვერც პოლიციელებს. მოხდა ისევ პატრულის მიერ ზემდგომების საქმის კურსში ჩაყენება, გაარკვიეს ვითარება, განარიდეს, არავითარი ჩემი ჩარევა, სხვისი ჩარევა, სამართლებრივად გარდა იმისა, რომ გაეშვათ პიროვნება, როდესაც დაკავების საფუძველი არ არსებობს, ბორკილდადებული გყავს ადამიანი, ბუნებრივია, უნდა იმოქმედონ ისევ და ისევ სამართლის შესაბამისად. კადრებში ჩანს ჩემი მძღოლი და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მე ჩავერიე. ჩემი ყოფილი მძღოლი ჩემს ძმასთან ბავშვობიდან მეგობრობს. ამიტომ, როდესაც ახლობლების საქმის კურსში ჩაყენებაზეა საუბარი, პირველ რიგში მან გაიგო და ის დაინტერესდა, რომ წაეყვანათ. ადამიანი, ვინც განარიდეს ე.წ. შემთხვევის ადგილიდან, წაეყვანათ სახლში. კონფლიქტის ადგილიდან იქვე იმ უბანში განარიდეს და როდესაც დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს, რა თქმა უნდა, გაუშვეს. მთავარი მინდოდა მეთქვა – ჩემი ძმა სრულწლოვანი ადამიანია. ჩემი ძმის ქმედებაზე ვერ ვაგებ პასუხს ვერც დღეს, ვერც მომავალში. მათ შორის მის აგრესიაზეც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ძმას ვემიჯნები ან მის ინტერესებს არ დავიცავ, მთელი ცხოვრება დავიცავ, უბრალოდ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ როგორც მე ვარ კანონის წინაშე თანასწორი ისე ჩემი ძმა, ჩემი ოჯახის ნებისმიერი წევრია თანასწორი, ასე რომ ნებისმიერ ქმედებაში, რომელშიც შეიძლება გარკვეული ბრალეულობა გამოვლინდეს, მათ შორის დასჯის საფუძველი ჩანდეს, არავის აქვს ამის იმუნიტეტი და მათ შორის მას”, – აცხადებს ლევან იზორია.