ვაჟა ლორთქიფანიძე: კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და რა თქმა უნდა, რუსეთთან

მდგომარეობა, რომელიც დღეს საერთაშორისო დონეზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებობს, რუსეთისთვის ნამდვილი ჩიხია, საიდანაც გამოსვლაც მხოლოდ დიალოგითა და დიპლომატიით არის შესაძლებელია და არა ტანკებითა და ქვემეხებით”,- ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, პროფესორმა ვაჟა ლორთქიფანიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ისეთი საქართველო, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტებია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ღია ჭრილობად რჩება, არც დასავლეთს აწყობს და არც რუსეთს. რაც დრო გავა, რუსეთის ხელისუფლება კიდევ უფრო ნათლად დაინახავს, რომ ძალისმიერი მეთოდებით კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია. მდგომარეობა, რომელიც დღეს საერთაშორისო დონეზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არსებობს, რუსეთისთვის ნამდვილი ჩიხია, საიდანაც გამოსვლაც მხოლოდ დიალოგითა და დიპლომატიით არის შესაძლებელია და არა ტანკებითა და ქვემეხებით. გარდა ამისა, თვითონ აფხაზებიც კარგად ხედავენ, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის შემდეგ მათი ყოფა არათუ გაუმჯობესდა, არამედ მნიშვნელოვნად დამძიმდა და აშკარა გახდა ის საფრთხე, რომელიც მათ იდენტობას, კულტურას, ენასა და ტრადიციებს ემუქრება.

რუსეთი მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში რა მეთოდებიც ზემოქმედებდა საქართველოზე, დღეს აფხაზების წინააღმდეგაც ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებს. გნებავთ, რუსიფიკაცია დავარქვათ და გნებავთ, არმენიზაცია, მაგრამ, რაც აფხაზეთში ხდება, ეს აფხაზიზაცია ნამდვილად არ არის. დიახ, დღეს აფხაზეთში აფხაზები სერიოზულ უმცირესობაში არიან და როგორც ეთნოსი, გაქრობის პირას მივიდნენ. აფხაზეთში მოაზროვნე ხალხი მშვენივრად ხვდება, რომ მათი დამოუკიდებლობა ფიქციაა. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზებთან მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ვიყავი ჩართული, ერთმანეთს პირდაპირ ვეუბნებოდით, რომ ჩვენ კონფლიქტის მხარეები არ ვართ, გასაყოფი არაფერი გვაქვს და რუსეთმა დაგვაპირისპირა, რათა საკუთარი ინტერებისათვის გამოგვიყენოს.

ჩემი პოზიცია დღესაც ძალიან მკაფიოა: კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და, რა თქმა უნდა, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რაც სრულებითაც არ ნიშნავს ამ პროცესიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების გამორიცხვას”,- განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები