ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ორი წლით ადგილს შეიცვლის. ისტორიულ შენობას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ.
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნული პროცესი ადგილზე დაათვალიერეს და მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მიმდინარე წლიდან, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. განთავსებული ექსპონატები ზაფხულიდან მისამართს შეიცვლის. საგამოფენო სივრცეები მოეწყობა პარკში, ბორჯომის მინერალური წყლის საექსპორტო შენობაში. თანამშრომლები იქ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იქნებიან.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვრიდან ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბილეთის ფასი და გიდის მომსახურება უცხოელი ვიზიტორებისთვის გაიზარდა. აქამდე უცხოელი მოსწავლეები/სტუდენტები/ პენსიონრები ერთ ლარს იხდიდნენ, ახლა კი ხუთი ლარია. ასევე გაორმაგდა გიდის მომსახურება უცხო ენაზე, 15–ის ნაცლად 30 ლარი გახდა.