ჩინეთში კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა – WHO-ში აცხადებენ, რომ ვირუსი უახლოეს დღეებში, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება

ჩინეთის ქალაქ უხანში, დაუდგენელი ვირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ჩჟოუ სანვანმა განაცხადა, იტყობინება The Daily Star.

ამის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონოვარუსმა, შესაძლოა, გეოგრაფია გააფართოვოს და ჩინეთის სხვა ნაწილებში, ასევე ქვეყნებს ფარგლებს გარეთაც, უახლოეს დღეებშიც, გავრცელდეს.

22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუს 2019-nCoV-თან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს. ორგანიზაცია შეიმუშავებს ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციებს.

ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსი უკვე ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა: სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში.

იაპონიაში კომპანიები ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

მედიის ინფორმაციით, კომპანია SoftBank-მა თანამშრომლები სახლში მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. Nippon Steel Corporation-მა უხანის პროვინციაში მივლინებები გააუქმა, Sony-მა კი მთლიანად ჩინეთში. უხანში მდებარე Nissan-ის თანამშრომლებს, თევზის ბაზართან მიახლოება აუკრძალეს, რომელიც ვირუსის გავრცელების ცენტრი გახდა, ასევე მათ რეკომენდაცია მისცეს ცხოველებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.

დანარჩენი კომპანიები თანამშრომლებს ურჩევენ ხელების ხშირ დაბანას, პირბადეს ტარებას და ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილების არიდებას.

დაუდგენელი ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის მთავრობამ, 2019 წლის დეკემბერში გაავრცელა. დაავადებულებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ზღვის პროდუქტებთან. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV.

კორონავირუსების ოჯახს 30-ზე მეტი ვირუსი აერთიანებს. დაავადება ვრცელდება ადამიანებზე, შინაურ ცხოველებზე, ფრინველებზე, ღორებზე, პირუტყვზე. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ, ნერვულ სისტემას, და კუჭ-ნაწლავს ტრაქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები