„მეშინოდა ჩემი ნაშრომები საზოგადოებისთვის გამეცნო“ – ახალციხელი მქარგველის ისტორია (ფოტო, ვიდეო)
ნანა ინასარიძე ხელოვნების ერთ-ერთი დარგით, ქარგვითაა შეპყრობილი. ოსტატი მორიდებით გვიმხელს ხელოვნებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას. 36 წლის ქალმა ჰობი ცხოვრების ხელოვნებისეულ ნაწილად აქცია.
იქიდან გამომდინარე, რომ ორი შვილის დედა ყაზახეთში დაიბადა, მოგვიანებით კი ცხოვრება გერმანიაში გააგრძელა, საკუთარ ნაშრომებში ევროპული სიუჟეტები სჭარბობს.
„საცხოვრებლად გადავედით გერმანიაში, შვილთან ერთად. 4 წელი ვიცხოვრეთ, იქ გოგოც მეყოლა. ამ პერიოდმა ჩემს ნაშრომებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. “გერმანული შემოდგომაც“ იქ მოვქარგე“,- იხსენებს „რეგიონულ კვირასთან“ ნანა ინასარიძე.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ნაქარგების საზოგადოებისთვის წარდგენის ეშინოდა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაინც დასთანხმდა, რომ მისი ნაშრომები მუზეუმში გამოეფინა.
„არასდროს ვყოფილვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, მეშინოდა. როცა შემოთავაზება მივიღე გამოფენაზე, ერთი კვირა არ მძინებია. ვფიქრობდი, ვინმეს რომ არ მოეწონოს, მერე რა უნდა მექნა. ქარგვა ჩემი ჰობი იყო, როგორ შეიძლებოდა ამით ცნობილი გავმხდარიყავი, ვერ წარმომედგინა“, – ამბობს მქარგველი.
ათი წელია, რაც ნანა ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს ქმნის. მისი პირველი პერსონალური გამოფენაც რამდენიმე დღის წინ შედგა. ახალგაზრდა ქალი „რეგიონულ კვირასთან“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ჰობი შესაძლებელია დამატებით შემოსავლის წყაროდაც აქციოს.
მედეა ლომიძე