ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას ხელი შეუწყოს. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მსოფლიო ბანკი ახორციელებენ. 2019 წლის აპრილიდან დღემდე TTPP-მ, სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური მუშაობის შედეგად, მიიღო 74 განაცხადი, ხოლო 13-მა წარმატებულმა და ინოვაციურმა პროექტმა გადალახა დეტალური შესწავლის ეტაპი. სწორედ აღნიშნული პროექტებიდან 6 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა TTPP-ს კომერციალიზაციის ექსპერტებმა წარადგინეს მრჩეველთა საბჭოს წინაშე. დარჩენილი 7 პროექტის წარდგენა იგეგმება 2020 წლის მარტში. პროექტის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაციისთვის მზაობის დონის გაზრდა, როგორც ფინანსური, ასევე – ადამიანური რესურსის გამოყენებით.
მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ძირითადად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. მათი რჩევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების/მხარდაჭერის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მთავარი მიზანია შერჩეული პროექტების/ინოვაციების კომერციალიზაციის გეგმების წარდგენა და მრჩეველთა საბჭოს მიერ მათი მხარდაჭერის რატიფიცირება. მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნულ შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინუსმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები