აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორი გახდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (498.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ტვირთბრუნვამ აზერბაიჯანთან 1 მილიარდს გადააჭარბა და 1 057,84 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გარდა იმისა რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი საექსპორტო პარტნიორია, ეს ქვეყანა თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მე-4 ადგილზეა.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვები ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც, რომელსაც ორივე ქვეყანა სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სპეციალისტი იასინ მუსტაფაევი აცხადებს, გასულ წელს ბაქო-თბილისი -ყარსის მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 42 % -ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ “ბაქო-თბილისი-ყარსი” 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა.აღნიშნული სარკინიგზო მაგისტრალი სხვა მარშრუტებთან შედარებით, აზიიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვაზე საჭირო დროს თითქმის ორჯერ ამცირებს და აზიის ქვეყნებს – ჩინეთს,თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და ავღანეთს ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს.
ბაქო -თბილისი- ყარსის 846 კილომეტრიდან 504 აზერბაიჯანზე, 263 საქართველოზე, ხოლო 79 კილომეტრიანი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ამ გზაზე, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 5 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ ეტაპზე – 17 მილიონი ტონის.