ახრა ავიძბა: რატომ მივეცით მეგრელ მოსახლეობას შესაძლებლობა ჯერ ჩვენი საზოგადოების ეთნიკურ ნაწილად ეგრძნოთ თავი და შემდგომ პასპორტები წავართვით

ოკუპირებული აფხაზეთის 9 იანვრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ახრა ავიძბა, აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს, არც ე.წ. ხელისუფლებაში გეგმავს რაიმე პოსტის დაკავებას.

ამის შესახებ ავიძბამ Sputnik-ს განუცხადა.

„გულისტკივილი, რომელმაც მე იქ მიმიყვანა, არ მაძლევს უფლებას რომელიმე სავარძელი დავიკავო. დონეცკში ჩემს ოჯახთან დავბრუნდი, რომ ზედმეტი მითქმა-მოთქმა ავირიდო. ბევრი მოუგვარებელი საკითხი მაქვს რუსეთსა და დონეცკში, მაგრამ აფხაზეთში ისევ დავბრუნდები, რომ ოპოზიციის ლიდერებს გავესაუბრო, პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ ხალხის დაყოფის არიდება მოხდეს“, – აღნიშნა ახრა ავიძბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გეგმებზე საუბრისას ავიძბამ თქვა, რომ ის და მისი თანამოაზრეები ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„არ მესმის არჩევნების დროს სხვა ერები რატომ გვახსენდება. რატომ მივეცით მეგრელ მოსახლეობას შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოების ეთნიკურ ნაწილად ეგრძნოთ თავი, შემდეგ კი მათ პასპორტები წავართვით? რატომ არ ვაძლევთ მათ ჩვენს დოკუმენტებს, იმისთვის რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩავიდნენ რუსეთში და დარწმუნდნენ, რომ ეს ქვეყანა აგრესორი არ არის. ამასთანავე, ჩვენს თანამემამულეებს ვაძლევთ უფლებას საქართველოში ჩავიდნენ და იქ აიღონ პასპორტები“,-აღნიშნა ახრა ავიძბამ.

ახრა ავიძბა 1986 წლის 27 იანვარს, სოჭში დაიბადა, ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად 2011 წელს გადავიდა.

2014 წელს ის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ ჩავიდა და ინტერნაციონალურ ბატალიონს ხელმძღვანელობდა. 2015 წლის თებერვალში, მან თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის გმირის ჯილდო მიიღო.

2017 წელს მან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ საკრებულოში (ე.წ.პარლამენტი) დამოუკიდებელ დეპუტატად, სოხუმის ოლქიდან იყრიდან კენჭს, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.

ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, კაფე სან-რემოსთან დაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდის ალხას ავძბას ნათესავია. 2 დეკემბერს, ავიძბას ნათესავებმა ე.წ.შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. იმავე დღის ბოლოს, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრი და ე.წ. გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები