მამუკა მდინარაძე: NDI – ის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევების მონაცემების დიაგრამები წარმოადგინა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, NDI კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში CRRC-ის მიერ ჩატარდა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

„ბოლო კვლევები, რომელიც ისევ CRRC ჩაატარა აპრილში გვაჩვენებს, რომ მაჩვენებელი არის 17%, ხოლო 2019 წლის ივნისის მონაცემებს ემთხვევა ასევე დღევანდელი მოცემულობით ის მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი – ამ მაჩვენებლებით თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით ქართული ოცნება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან დღეს გამართულ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„დღეს ქალბატონ ლორასთან ძალიან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. გვაქვს შეთანხმება უახლოს დღეებში გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად ვეცდებით, ეს კვლევებიც შედარებით ობიექტური გახდეს”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები