კახა კალაძე: ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
მისი თქმით, შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები ნებისმიერი პირის მხრიდან მიუღებელია, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც უნდა წარმოადგენდეს ის.
“ასეთი ფაქტები ძალიან ცუდია. როგორც ვიცი, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება შს სამინისტროს მხრიდან და, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტების გამო უნდა დაისაჯონ. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები და მაშინაც იგივე მიდგომა, დამოკიდებულება მქონდა – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, მით უმეტეს, როდესაც ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია“ ,- განაცხადა კალაძემ.
შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა.
ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.