რატი იონათამიშვილი ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ მუქარაზე: ეს არის უღირსი საქციელი
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, ინციდენტის მონაწილე პირი “ლელოს” აქტივისტია. იონათამიშვილი აცხადებს, რომ საკითხზე პოლიტიკური ქილიკი მიუღებელია.
“ეს არის წახალისება მათი აქტივისტებისათვის, რომ ყველაზე ზღვარგადასული და უღირსი საქციელით გამოირჩეოდნენ. როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ მდაბიო საქციელთან, რომელზეც თითოეული ჩვენგანი უნდა აღვშფოთდეთ და უნდა გვქონდეს ერთნაირი რეაქცია და ამ დროს ვინმე ცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ქილიკი დაიწყოს, ეს არის ყველაზე უღირსი საქციელი და რეაქცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ ვინც ბედავს და ასე იქცევა, უნდა ხვდებოდეს და ათვითცნობიერებდეს იმას, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. “რეგიონული კვირას” ინფორმაციით, დაკავებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. შსს-ის ცნობით, პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა, დაკავებულია. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.