რაულ ხაჯიმბა: გადადგომასთან დაკავშირებით, არც ერთ პირს არ მოუხდენია ჩემზე ზეწოლა, ვინც ჩამოსული იყო
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უახლოეს დროში გააკეᲗებს განცხადებას, რაც შეეხება ე.წ. არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებას, ხაჯიმბა ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ამის შესახებ მან „ტასს“ განუცხადა.
„გუშინ დამთავრდა ყველაფერი, შევხედავ, როგორ მოვიქცე მომავალში“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.
კითხვაზე, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა თუ არა, ხაჯიმბა ამბობს ,რომ „ჯერ ამის დრო არ არის. ცხოვრება გვიჩვენებს. პრეზიდენტის თანამდებობა მარტივი არ არის, ვფიქრობ, იმ პროცესებზე დაფიქრებაა საჭირო, რომელიც წარიმართა და რატომ მოხდა ეს. მაგრამ, დასვენებაც საჭიროა“.
ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის ასლან ბარციცის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, იმის შესახებ რომ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნებში კანდიდატურას არ დააყენებს, ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ „ეს მისი განცხადებაა. მაგრამ ჩემს ბედს მე განვკარგავ. უახლოეს დროში განვაცხადებ, დავრჩები თუ არა პოლიტიკაში და რა სტატუსში“.
მისივე თქმით, „თანამდებობის დატოვების“ შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია, გარდა იმ გარემოებებისა, რომლებიც შეიქმნა.
„ყველა ის პირი, რომელიც ჩამოვიდა, მომლაპარაკებლები და ყველა დანარჩენი, ეს მათი საქმე იყო – ესაუბრათ იმათთან, ვისაც ესაუბრნენ. ჩემთან გადადგომასთან დაკავშირებით არავის უსაუბრია. გადაწყვეტილება თავად მივიღე“,-განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ ეს „რესპუბლიკაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“გააკეთა.