10 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე ხელახალი კონკურსი ცხადდება

10 იანვრიდან ცხადდება ხელახალი კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-11 პუნქტების შესაბამისად:

2020 წლის 10 იანვრიდან ცხადდება ხელახალი კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

თითოეული ზემოაღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები,”- ნათქვამია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები