რუსი ექსპერტი: აფხაზეთში შექმნილი ვითარება 2014 წლის მოვლენებს ჰგავს, როდესაც ანქვაბს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოუწია
აფხაზეთის პროტესტები აჩვენებს, რამდენად გახლეჩილია აფხაზური საზოგადოება, ოპოზიციის კონსოლიდაცია გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.
ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის საერთაშირისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მთავარმა მეცნიერმა ვადიმ მუხანოვმა განუცხადა.
„ვითარება ძალიან სახიფათოა, პატარა აფხაზეთისთვის ეს ძალიან სამწუხარო პრეცედენტია. საპრეზიდენტო არჩევნებმა რესპუბლიკის პოლიტიკური გახლეჩა გააღრმავა და საზოგადოების მიერ აღიარებული ლიდერის არჩევით არ დასრულებულა. 2019 წლის ბოლოს მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ხაჯიმბა ძალიან სუსტად აკონტროლებს ვითარებას“,-აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი ვითარება 2014 წლის მოვლენებს ფაქტობრივად იმეორებს, როდესაც აქციების ფონზე, ქვეყნის ტერიტორიის დატოვება „ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს მოუწია“.
„ოპოზიცია ეტაპობრივად კონსოლიდაციას შეძლებს, რაც ყველაზე სახიფათოა მოქმედი პრეზიდენტისთვის. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა, ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოვა. საკუთარ კეთილგანწყობას მოსახლეობა ოპოზიცის ლიდერებისკენ მიმართავს, პირველ რიგში, ასლან ბჟანიასკენ“, – განაცხადა მუხანოვმა.