ნინო ბურჯანაძე: ის რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება მოსალოდნელი იყო
სოხუმში ოპოზიციის მომხრეების დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის რაც ოკუპირებული აფხაზეთში ხდება მოსალოდნელი იყო.
“მოსალოდნელი იყო ის რაც ხდება აფხაზეთში იმიტომ, რომ არჩევნები ჩემი აზრით იყო აშკარად გაყალბებული. ვერ ვიტყვი რა როლი აქვს რუსეთს ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პირად საუბრებში რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ეჭვი და წუხილი, რომ შეიძლება პროცესები ასე განვითარებულიყო”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას და „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ“. ისინი, “რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ”.