ლევან ახვლედიანი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

სამწუხაროდ, დღეს მთავრობამ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ქმედებით პროექტი და კონსორციუმი დაზიანდა.

“სამწუხაროდ, დღეს მთავრობამ კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. იყო განცხადებები, ვითომ, ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები. ესეც უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. ინვესტირებულია 75 მილიონი. შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები, მოვიძიეთ თანხები ბანკებიდანაც, ინვესტორებისგანაც. გავაფორმეთ ხელშეკრულება ორ ოპერატორთანაც, შევარჩიეთ გენერალური კონტრაქტორიც, თუმცა არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთავრობამ ჩამოთვლილი მხარეების მიერ წაყენებული გარკვეული პირობები, თუ მოთხოვნები განეხილა, მოეწვია ეს მხარეები, ესაუბრა, არამედ არც ისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლა. ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ ვალდებულებები ვერ შევასრულეთ. პირიქით, მთავრობას უნდა აეღო მოწინავე როლი, ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, რომ შეთანხმება შემდგარიყო და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენი წინადადებებით, რომლებიც მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან დაბალანსებული, რისკები გადანაწილებული და ძალიან მცირე დათმობები იყო საჭირო მთავრობის მხრიდან, რათა პირობები დაკმაყოფილებულიყო, მთავრობამ არ ისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლაც კი. მთავრობის ამ ქმედებებით, თუ უმოქმედობით, დაზიანდა პროექტი, დაზიანდა ასევე კონსორციუმი, ამის მტკიცებულებები არსებობს. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, 2019 წლის პერიოდში ჩვენ შექმნილი გარემოებების მიუხედავად, შევძელით, დაგვეინტერესებინა არაერთი ინვესტორი, დღესაც არიან ასეთი დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც ითხოვდნენ სულ მცირეს – მთავრობის მხრიდან შექმნილიყო კომფორტი მათი განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. ესეც კი ვერ მოხერხდა მთავრობის მხრიდან. ზოგ შემთხვევაში, პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა კონკრეტული ინვესტორი არ შემოსულიყო პროექტში”,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

2017 წელს იყო კონკრეტული გადავადებები, რომელიც დასაბუთდა და ორმხრივად მოხდა შეთანხმება მთავრობასა და ჩვენს შორის ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. 2018 წელს ჩვენი მთავარი სპონსორების მიმართ წაყენებულმა ბრალდებებმა, რა თქმა უნდა, ძალიან დააზიანა პროექტი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ზოგადად პროცესი, როგორც ინვესტორების მოძიების, ისე ბანკებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკებების კუთხით. ამიტომ ამ ორი პროცესის გამიჯვნა შეუძლებელია. მივმართავთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები