შარმანაშვილი – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: თავის დროზე მუშტებს იქნევდნენ და დასაპატიმრებელთა სიებს კითხულობდნენ, ახლა თავს იმართლებენ და ბუჩქებში მიდიან
“ბაჩო ახალაიას დადებითი როლი რომ არ ჰქონდა, ფაქტია. ალბათ, ამ თემაზე პროკურატურას უნდა დაველოდოთ, რადგან საქართველო ის სახელმწიფო არ არის, რომელიც ვინმეს უსამართლო ბრალდებას წაუყენებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ადვოკატები ცდილობენ, ეს საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს, გადატრიალება კი არ იყო, არამედ სპონტანური, მშვიდობიანი აქცია.
“მშვიდობიანი რომ არ იყო, იმ ქმედებებით დადასტურდა, რაც ვიხილეთ. პაატა ბურჭულაძემ თქვა, პრეზიდენტის ეზოში კი არ შევიჭერი, სპეცრაზმისა და ახალგაზრდების დაშორება გვინდოდაო. ეს მაშინ, როცა ბურჭულაძემ „დასატყვევებლების“ სია წაიკითხა. ზოდელავამ თქვა, პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდეთ, გასაღები უნდა ჩავიბაროთო. ასეთ ვითარებაში იმის მტკიცება, რომ არაფერს აპირებდნენ, სულ მცირე, სასაცილოა. ღალატი მხოლოდ შენიანს შეუძლია, უცხო ვერ გიღალატებს და მისგან ერთგულებას არ უნდა ელოდო. თავად გაერკვნენ, ამ საქმეში და თქვან, რას აპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და ვინ რა როლი ითამაშა გადატრიალების საქმეში. ამას გამოძიებას თუ ეტყვიან, ეს მათ განაჩენზეც აისახება. არ უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ეს ყველაფერი დიდი ქსელი იყო. თავის დროზე მუშტებს იქნევდნენ და დასაპატიმრებელთა სიებს კითხულობდნენ, ახლა თავს იმართლებენ და ბუჩქებში მიდიან. ვითომ საქმის კურსში არ იყვნენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.