მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან და დედაქალაქებთან დიალოგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან, ეს სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ბრიუსელის, ევროკავშირის, და ევროპის ინტერესებს.

თუკი ეს განხორციელდა, ეს იქნება სადამსჯელო ოპერაცია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ბრიუსელი უფრო მეტად იფიქრებს, რა სჭირდება ევროპას დღეს საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ ცალმხრივი ეს საჭიროება, არ არის მხოლოდ ისე, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო და ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნები და მოცემულობა. ეს მოცემულობა უნდა იყოს გაზიარებული და გაცნობიერებული ბრიუსელში”- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებით და ბრიუსელის პოლიტიკაზე- „დამოკიდებულება ნამდვილად არ არის სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. ეს უნდა შეიცვალოს, უნდა იყოს გაზიარებული ის საჭიროებები, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. დღეს ევროკავშირში არის ხალხი, რომელიც არ თვლის წარმატებულად ამ გაბუტვის პოლიტიკას, როდესაც ბრიუსელი თბილისს არ დაელაპარაკება და ასე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ასე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. მე დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს. შეამჩნევდით ალბათ ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან დიალოგი, ევროპის დედაქალაქებთან დიალოგი. უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი დედაქალაქი გააცნობიერებს იმას, რომ ასეთი ფორმით ქვეყანასთან ურთიერთობა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს უფრო მეტი დედაქალაქი გარკვეულწილად დასვამს კითხვის ნიშანს ბრიუსელის პოლიტიკის სისწორესთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები