მაკა ბოჭორიშვილი ელჩებთან გამართული შეხვედრის შესახებ – ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც გვექნება სურვილი, ინფორმაცია მივაწოდოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც უწყებას ექნება სურვილი, ინფორმაცია მიაწოდოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

„ეს იყო მომენტი, დრო, როდესაც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დიპლომატებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, თუ რასთან გვქონდა საქმე 4 ოქტომბერს; თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე. დიპლომატებს ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი მხრიდან ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომელიც თბილისში განვითარდა. მათ შორის, ასევე საუბარი გვქონდა გამოხმაურებებზეც და ჩვენ ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის ელჩის მხრიდან, შეხვედრის ფარგლებში, ინტერაქცია არ ყოფილა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან გაკეთებულ კომენტარში უჩვეულო არაფერია.

„ჩვენ ვნახეთ კომენტარი, რომელშიც არაფერია გასაკვირი – ის არის ელჩი, წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში და ბუნებრივია, ის გაიმეორებდა იმ განცხადებას, რაც მანამდე მისმა ხელმძღვანელობამ გააკეთა”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები