დავით ქართველიშვილი: ვინც ვერ ხედავს განსხვავებას შარშანდელი თეთრი სახლისა და მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულებებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით, მიმართოს სამედიცინო დახმარებას
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს მედიასთან, სადაც მან განაცხადა, რომ: „შეგვიძლია, ვივარაუდოთ, აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი” იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი. სწორედ ამიტომ აღარ არის ის დღის წესრიგში და აღარ დევს განსახილველად მაგიდაზე”, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ქართველიშვილი ეთანხმება მაკა ბოჭორიშვილის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისა და დღევანდელის დამოკიდებულების განსხვავება საქართველოს მიმართ აშკარაა და „ახლო მომავალში არც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტია გამორიცხული საქართველოში, არც ურთიერთობების გადატვირთვა და არც აშშ-ის მედიატორული როლის გააქტიურება ქვეყნის საჭირბოროტო პრობლემების მოგვარებაში”.
„საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ამაზე ვამახვილებ ჩემს ყურადღებას ტრამპის ინაუგურაციის დღიდან მოყოლებული. საქართველოზე დღეში სამგზის მოლაყბე მეთიუ მილერი საკმარისიც იყო, ზედოზირებული და ზეტოქსიკურიც კიდევ. ჩემთვის გაცილებით უფრო ფასეული იყო თეთრი სახლის სრული დუმილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის მთელი ნახევარი წლის პერიოდის განმავლობაში. უბრალოდ, წარმოიდგინეთ – რა დღეში მოგვიწევდა მუშაობა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.
სავსებით საკმარისია ჩვენთვის ტრამპის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტისადმი 26 მაისს, რასაც საგულდაგულოდ მალავდა აშშ-ის საელჩო. „კრავთა ამ დუმილს” შეეწირა მათ შორის რობინ დანიგანი, რომელიც დილით რომ გაიწვიეს „პენსიაში”, იმავე დღის საღამოს საქართველოს ახალი ელჩი მიიღეს ზარზეიმით ვაშინგტონში. და სწორედ თამარ ტალიაშვილის ელჩობის პირველივე დღეებში, როგორც იქნა, გავიგეთ საქართველოს მეგობარი იმ სენატორების ვინაობის შესახებ, რომლებიც „თურმე” ჯო ვილსონზე უფრო ყოვლისშემძლენი ყოფილან. ნაყოფიერი იყო, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის სექტემბრის „ვოიაჟი” ნიუ-იორკში.
სწორედ ამ მეგობრების დახმარებით, პოლიტიკურ ატმოსფეროში აორთქლდა „მეგობარი აქტი” განსახილველ საკითხთა ნუსხიდანაც კი. ეს ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი ზედმეტი განცხადებების და აჟიოტაჟის გარეშე. და ჩვენ ეს – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, ნამდვილად უნდა გვაწყობდეს ჩვენი ურთიერთობების ამ ეტაპზე. ამ რეალობის ფონზე გავიხსენოთ ა.წ. ივნისში და აგვისტოში „ფორმულას” მიერ შემოგდებული ორი სასოწარკვეთილი „ფეიკი”, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის „წარმომადგენელმა” აღშფოთებული შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში „დემოკრატიის უკუსვლის” გამო.
ეს სიცრუე იმდენად „თეთრი ძაფით” იყო შეკერილი, რომ აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ-გვერდზეც კი ვერ იქნა დადასტურებული. ვინც ვერ ხედავს განსხვავებას შარშანდელი თეთრი სახლისა და მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულებებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით – მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ჩემი ღრმა რწმენით, ახლო მომავალში არც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტია გამორიცხული საქართველოში, არც ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და არც აშშ-ის მედიატორული როლის გააქტიურება ჩვენი საჭირბოროტო პრობლემების მოგვარებაში”, – წერს დავით ქართველიშვილი.