დონალდ ტრამპი: თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს
“თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით აშშ-სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას.
ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს“,- განაცხადა ტრამპმა.