გია სვანაძე: “გორმედის” ქსელის კლინიკებში ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით მომართვინობა მომატებულია , თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს
,,გორმედის“ ქსელის კლინიკებში ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით მიმართვიანობამ მოიმატა, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამის შესახებ “გორმედის” გენერალურმა დირექტორმა გია სვანაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა. მისივე თქმით, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ქსელის ყველა კლინიკაში – გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში ,,იავნანა“, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში – მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.
,,მომართვიანობა მომატებულია, თუმცა, თუ შევადარებთ შარშანდელ და წინა წლების სტატისტიკას, განსაკუთრებული მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქსელში შემავალ კლინიკებში მიმდინარეობს ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები (შეიზღუდა მნახველების შესვლა, ასევე თავმდგომი პირები და ა.შ.). ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით, საჭიროებისას ვიძახებთ დამატებით მედპერსონალს, ასევე, პრევენციულად ხდება კლინიკების სტაციონარების სათადარიგო საწოლებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა გია სვანაძემ.
ეპიდემიის რისკს ვერ ხედავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ავადობა ეპიდემიურ ზღვრამდე მოიმატებს.