პატრიარქი: იესომ გვასწავლა, რომ სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე
“რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა”,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური “მეს” მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…”,-ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.