მეუფე გრიგოლ კაცია: ველოდი, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ საშობაო სადღესასწაულო წირვა აბაშის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
მიტროპოლიტის თქმით, ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას ელოდა.
“მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა”, – უთხრა მედიას მეუფემ და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დეკანოზი არ ყოფილიყო ციხეში.
ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.