ამირან გამყრელიძე: იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევები შემცირდა, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი კი მომატებულია

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 191 შეადგინა, წინა კვირაში კი, 312 შემთხვევა იყო. თუმცა, მისივე თქმით, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტით არის მომატებული.

“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება. ჯერჯერობით ეპიდემიური ზღვარისგან შორს ვართ. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების სიმპტომებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვით. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, მიმართვიანობამ იკლო. დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. თუ წინა კვირაში, ანუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტითაა მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19 პროცენტი, ახლა გვაქვს 22 პროცენტი. თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. ქვეყანაში ამ დროისთვის 80 პროცენტში “ბე“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, დაახლოებით 10 პროცენტია „ა“ ტიპის „ეიჩ ერთი“, დანარჩენი 10 პროცენტი კი, რინო ვირუსზე მოდის”, – განმარტა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები