ზურაბ ბატიაშვილი: სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ნაკადი დაიძვრება, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ
ამერიკისა და ირანის დაპირისპირების მიზეზებზე, შესაძლო სამხედრო კონფრონტაციასა და მოსალოდნელ შედეგებზე “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ირანსა და ამერიკას შორის დაბალი ინტენსივობის ომი მიმდინარეობს.
“ირანსა და ამერიკას შორის დღეს არსებულ ვითარებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დაბალი ინტენსივობის ომი. ირანმა თავისი გავლენის სფეროში მოაქცია ერაყის დიდი ნაწილი, სირია, ლიბანი. პირველად გავიდა როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ისე მთავარ მოწინააღმდეგე ისრაელზე. შესაბამისად, ამერიკის მთავარი მიზანია ირანის შეკავება. ამიტომ დაბომბა პროირანული ძალების 6 ბაზა, რასაც მოჰყვა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა. ინციდენტი დროებით ჩააცხრეს, მაგრამ დაძაბულობა არ განელებულა. კონფლიქტის სხვა პოტენციური კერაც ბევრია. რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებსა და ირანს შორის დროდადრო დაძაბულობა მწვავდება. ყველას გვახსოვს თავდასხმა საუდის არაბეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, საიდანაც აშშ მარაგდება. ასევე გახშირდა სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ ირანული ძალების დაბომბვა. ფაქტია, რეგიონში დაძაბულობის პოტენციალი ძალიან დიდია. ეს წერტილები შეიძლება იყოს როგორც ერაყში, ასევე სირიაში, ლიბანში, სპარსეთის ყურეში, უშუალოდ საუდის არაბეთსა და ირანს, ასევე ისრაელსა და ირანს შორის. დაძაბულობის მაშტაბურ სამხედრო კონფლიქტში გადაზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ირანის პასუხი. რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ მისგან? სია ძალიან გრძელია. ეს შეიძლება იყოს როგორც შტატების სამხედრო ბაზებზე ან დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა, ასევე შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები რეგიონში. მოსალოდნელია სპარსეთის ყურეში ნავთობის გადამზიდავი ტანკერების ბლოკირება ან მათზე შეტევაც.
რაც შეეხება რუსეთს, ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქტიურად გამოხატავს ანტიამერიკულ პოზიციას. ყველამ იცის, რომ გარკვეულწილად ირანის წამქეზებელი რუსეთია. ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, რუსეთი ცდილობს საკუთარი თავი მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს. რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს კონფლიქტში? შესაძლოა ცოცხალი სამხედრო ძალა არ გააგზავნოს, მაგრამ იარაღს მიაწვდის. არც ეკონომიკურ დახმარებაზე იტყვის უარს. რუსეთისა და ჩინეთის ჩართულობის ფორმა ამ კონფლიქტში იმაზეც არის დამოკიდებული, ირანის საპასუხო ნაბიჯის შემდგომ რას მოიმოქმედებს ტრამპი.
არის ასეთი ვერსიაც, თითქოს ამერიკა ვერ გაბედავს ირანთან ღრმა კონფრონტაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შტატები მზად არის სრული კონფრონტაციისთვის. სოლეიმანის ლიკვიდაცია პირდაპირი მნიშვნელობით ირანზე შეტევაა”,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძვრება და საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, განზე ვეღარ გადგება, ამიტომაც შეიძლება ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
“კარგია, რომ ამ დავიდარაბაში სამხედრო მონაწილე არა ვართ. ერთი მხრივ, ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, იმავდროულად, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ირანია, და ჩვენს ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფრონტაცია. აქ სხვა პრობლემაა დიდი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ირანიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძვრება და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვეღარ გავდგებით განზე, ამიტომაც შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ირანის მოსახლეობა თითქმის 85 მილიონია. აქედან მხოლოდ 10 %-იც რომ იქცეს ლტოლვილად, ეს უკვე რვა-ნახევარი მილიონი კაცია. ამ დიდ მასაში შეიძლება იყვნენ რადიკალური ჯგუფებიც, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია. საქართველომ თავის დროზე უსაფრთხოების საბჭოც გააუქმა და უშიშროების საბჭოც, შემდეგ ახალი კი შექმნა, მაგრამ მათი ფუნქციონირება არც დაწყებულა. 2015, 2018 წლებში ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტები, რომლებსაც დიდი ხანია ვადა გაუვიდა, ახალი კი არ შექმნილა. ამ დოკუმენტებში მხოლოდ ასეთი საფრთხეები კი არ უნდა განისაზღვროს, გაწერილი უნდა იყოს კრიზისების დროს საჭირო ქმედებები. თუმცა ასეთი დოკუმენტი არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოუმზადებელია პროცესების განვითარებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ყველა სტრუქტურა, ვისაც ეს ეხება, საგარეო დაზვერვით დაწყებული, საგარეო საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული, ამ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მუშაობს”, – განმარტა ბატიაშვილმა.