ამირან გამყრელიძე: 8 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხს ეპიდემიოლოგები სწავლობენ

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გარდაიცვალა, მძიმე იყო, თუმცა იმის დადასტურებისგან თავს იკავებს, იყო თუ არა გრიპის შემთხვევა.

“ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან კონტაქტზე და სწავლობენ ამ საკითხს. ეს გახლავთ მძიმე ბაქტერიული პნევმონია. ვირუსული კვლევები, სამწუხაროდ, არ არის ჩატარებული და ვერ დავადასტურებთ, იყო ეს გრიპი თუ არა. კლინიკურად იყო მძიმე ფილტვების ანთების მიმდინარეობა, რომელიც გართულდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. აღინიშნებოდა ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკურნალობა დაგვიანებული გახდა.

“სამდღიანი ანამნეზით შემოვიდა, ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა თუმცა ბავშვი გარდაიცვალა.

ღორის გრიპი არ დასტურდება, მწვავე ვირუსული ინფექციის გამო დადგა ეს შედეგი,”- განაცხადა ექიმმა-რეანიმატოლოგმა ოლიკო გახელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები